понедельник, 4 апреля 2016 г.

ინსტრუქციები გაკვეთილების დაგეგმვისა და ვიდეოგადაღებისთვის

ინსტრუქციები გაკვეთილების დაგეგმვისა და ვიდეოგადაღებისთვის

 a-  A+ 
ძვირფასო მასწავლებლებო, მსურს, გაგიზიაროთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებები იმ გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ, რომლებზეც შიდა შეფასებისთვის კომისია უნდა დაგესწროთ ან გარე შეფასებისთვის უნდა გადაიღოთ ვიდეოზე.
  1. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ აქტივობის/გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის დასაწყისში ხმამაღლა გააცანით მაყურებლებს ან გააკარით დაფაზე/კედელზე და წააკითხეთ კამერას/ოპერატორს და მისი თვალით – მაყურებელსაც.
  2. მისდიეთ დასახულ მიზანს, რათა გაკვეთილი შეკრული და ფოკუსირებული გამოვიდეს. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 45 წუთი გაქვთ და ნუ გაიფანტებით, ნუ გადასწვდებით მეტისმეტად ბევრ საკითხსა თუ აქტივობას.
  3. წინასწარ გაიაზრეთ: რამდენ ხანს გაგრძელდება მოსწავლეთა პრეზენტაცია და დისკუსია/განხილვა; როგორ უზრუნველყოფთ მასში ყველა მოსწავლის ჩართვას; ვიდრე ერთი ჯგუფი მოხსენებას წაიკითხავს, რას გააკეთებენ სხვები; გაიგებენ თუ არა დაბალი მზაობის მოსწავლეები მაღალი მზაობის მოსწავლეთა მოხსენებას; დააინტერესებთ თუ არა მაღალი მზაობის მოსწავლეებს დაბალი მზაობის მოსწავლეთა მოხსენება; როგორ აიყოლიებთ მოსწავლეებს, რომ ერთმანეთს მოუსმინონ და მონაწილეობა მიიღონ სხვისი პრეზენტაციის განხილვაში; შეაფასებენ თუ არა მოსწავლეები ერთმანეთს; დასვამენ დამატებით კითხვებს თუ „ჩაარიხინებენ“ პრეზენტაციას და „კრება დარჩება მხიარული“. გაითვალისწინეთ მოსალოდნელი პრობლემები და წინასწარ შეიმუშავეთ მათი გადაჭრის გზები, მერე კი გაკვეთილზე განახორციელეთ. მაგალითად, ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაციის დროს ჯერ ყველა ჯგუფის ნამუშევარი გამოაკარით, მერე კი სთხოვეთ მოსწავლეებს რომელიმე მათგანის ისე წარმოჩენა, რომ სხვებმაც უსმინონ, კითხვები დაუსვან და შეაფასონ კიდეც (თუ ცოტა მოზრდილები არიან). ამისთვის შეფასების კრიტერიუმები თავიდანვე უნდა გამოაკრათ საკლასო ოთახში და განმარტოთ.
  4. მზად იყავით, რომ სწორი რეაგირება მოახდინოთ მოსწავლის თუნდაც მოულოდნელ მოქმედებაზე (მაგალითად, არ წაახდინოთ ეფექტური საგაკვეთილო ეპიზოდი შეუფერებელი მიმართვით/სიტყვით). ჯობია, ყველაფერი ზედმიწევნით გათვალოთ წინასწარ. მაგალითად, ჩამოწეროთ მოსწავლეთა ტიპური შეცდომები საშინაო ან საკლასო სამუშაოში ან თქვენს დამატებით კითხვებზე, მოამზადოთ „ხარაჩოები“ ამ შეცდომების გამოსასწორებლად და უკუკავშირის ვერსიაც მიაყოლოთ, რომ გაკვეთილზე გამოგადგეთ. მოიფიქრეთ, თვალსაჩინოებას გამოიყენებთ სკაფოლდინგისთვის თუ მიმგეზავი კითხვები სჯობია, უკუკავშირი წერილობითი იქნება თუ ზეპირსიტყვიერი.
  5. თუ გაკვეთილზე რამე ახალს ან უჩვეულოს აპირებთ, ხმამაღლა გამოაცხადეთ, რომ ბავშვებმაც გაიგონონ და ვიდეოს მაყურებლებმაც. ყველაფერი უნდა წარმოჩნდეს ან გაისმას ხმამაღლა, „ამირან გულში მღეროდა“ დაუშვებელია. ამის მისაღწევად გადაღების დროს ჩათვალეთ, რომ თქვენთვის კი არ მუშაობთ, არამედ მაყურებელი მასწავლებლებისთვის, რათა მათ ისწავლონ თქვენი სანიმუშო მოქმედების საშუალებით.
  6. დიფერენცირება მზაობის მიხედვით უკვე დაჯგუფებულ მოსწავლეებთან მუშაობას ნიშნავს. ვინ ვისთან უნდა დაჯგუფდეს, ამას განმავითარებელი შეფასების საფუძველზე გაარკვევთ, ამიტომ ინტენსიურად გამოიყენეთ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ფორმა -მოკლე ქვიზი, ოთხი კუთხე, 3-2-1, „დაამყარე კავშირი“ და სხვა.
  7. გაკვეთილის განმავლობაში აუცილებლად მიეცით უკუკავშირი თუნდაც რამდენიმე მოსწავლეს ვერბალური, წერილობითი ან გრაფიკული სახით. მოიფიქრეთ შესაფერისი ფორმები და წინასწარ გათვალეთ სიტუაციები.
  8. რაგინდ შესანიშნავი კითხვები/სავარჯიშოები მისცეთ მოსწავლეებს, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გამიჯნული ადრესატის მზაობის დონის შესაბამისად. დაფიქრდით და მოისაზრეთ, როგორ მიხვდეს მაყურებელი, ვის რა მზაობა აქვს და სწორად არჩევს თუ არა მასწავლებელი მოსწავლის შესაფერის კითხვას/ამოცანას გაკვეთილის მიმდინარეობის დროს. მაყურებელს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შემთხვევით კითხვებს სვამთ, თორემ დიფერენცირების ეფექტი დაიკარგება და ტრადიციულ ფრონტალურ გამოკითხვას ან ჯგუფურ მუშაობას დაემსგავსება ეკრანზე.
  9. დიფერენცირება უფრო მკვეთრად წარმოაჩინეთ, რათა მაყურებელი მიხვდეს, რა ხდება, რით გამოიხატება დიფერენცირება, რის საფუძველზე და რა მიზნით. ხმამაღლა გამოაცხადეთ (და ჯგუფისთვის განკუთვნილი დავალების ბარათიც ყველას აჩვენეთ), რომ ყველა ჯგუფს ერთსა და იმავე საკითხზე აძლევთ დავალებებს, თუმცა ეს დავალებები განსხვავებულია.
  10. დიფერენცირებული დავალებების მიცემისას ხმამაღლა ახსენით, რა განასხვავებს ერთმანეთისგან დავალებებს (მაგალითად, მანიპულატივების გამოყენება, დროში შეზღუდვა, დაწვრილებითი ინსტრუქციები, დამოუკიდებლობის ხარისხი დავალების შესრულებისას, შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებით არჩევანის მიცემა მოსწავლეებისთვის და ა.შ.).
  11. ეცადეთ, გაკვეთილი ცალკეულ საინტერესო აქტივობათა კრებულიდან ერთიან კონსტრუქტივისტულ დიფერენცირებულ პროცესად აქციოთ.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ:
◦ განმავითარებელი შეფასება გაკვეთილის განმავლობაში 3-ჯერ მაინც უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ხერხით.
◦ მხოლოდ ისტ-ის იმედად ნუ იქნებით, რადგან ვიდეოკამერაზე სლაიდები არცთუ კარგად ჩანს.
◦ თუ მოსწავლეები გაწაფული არიან ჯგუფური მუშაობის ორგანიზებაში, შეიძლება, გაკვეთილის დასაწყისში კლასი სტანდარტული განლაგებით ისხდეს და მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას გადააჯგუფოთ. გამოჩნდეს, რომ ისინი განსხვავებული მზაობის პრინციპით სხდებიან ჯგუფებად.
◦ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სსსმ მოსწავლეს (თუ გყავთ კლასში ასეთი ბავშვი) და წარმოაჩინეთ, როგორ წარმართავთ მასთან დიფერენცირებულ სწავლებას.
◦ ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, რათა დრო უშუალოდ მოსწავლეთა მეცადინეობაზე დაიხარჯოს. ასე რომ, ოპტიმალურად დაგეგმეთ აქტივობები, რათა 45 წუთს არ გადააცილოთ.
ნუ დაუშვებთ ყველაზე უარეს პედაგოგიურ შეცდომებს:
  • კითხვის დასმისთანავე ნუ მოითხოვთ პასუხს, აცალეთ მოსწავლეებს ფიქრი და აზრიანი პასუხის მომზადება. საკუთარ კითხვას პასუხს თავად ნუ გასცემთ. მოპასუხის სწრაფად მითითებაც არ არის ყველასთვის კომფორტული, ეს სტრესს იწვევს მოსწავლეებში და აღძრავს მიკერძოებული მიდგომის ეჭვს. უმჯობესია, მოსწავლეებმა წყვილ-წყვილად განიხილონ საკითხი და რამდენიმე წყვილის მოსაზრება მოისმინოთ. ისიც შეიძლება, კითხვის დასმის შემდეგ მცირე პაუზა გააკეთოთ და შემთხვევითი შერჩევის წესით აირჩიოთ მოპასუხე. ეს თქვენი მიუკერძოებლობის დასტურიც იქნება და ყველა მოსწავლესაც აიძულებს, თავიდანვე იფიქროს პასუხის შესახებ.
  • გაკვეთილს ნურც სლაიდშოუდ გადააქცევთ და ნურც ახსნა-განმარტებათა ნიაღვრად. ეფექტური სწავლება დაფასთან მუშაობასაც მოიცავს, თხრობასაც, დისკუსიასაც, სავარჯიშოების შესრულებასაც, ინდივიდუალურ დავალებებსაც და ჯგუფურ მუშაობასაც. სწორედ მათი კომბინაციის მართლზომიერი და მიზანშეწონილი შერჩევა-შედგენა წარმოაჩენს თქვენს ოსტატობას გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში.
  • ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს ბედის ანაბარა ნუ მიატოვებთ. უმჯობესია, თანამშრომლობითი მოდელი გამოიყენოთ, როდესაც ყოველ მოსწავლეს მისთვის ცნობილი ვალდებულება აკისრია, ანგარიშვალდებულია თქვენი და თანაკლასელების წინაშე. პერიოდულად ყველა ჯგუფს მიუახლოვდით, მიაყურადეთ და ჩაეკითხეთ, სამუშაოს შესრულების რომელ ეტაპზე არიან და რა შედეგი მიიღეს.
  • მოსწავლეებისთვის დავალებებისა და საკითხების შეთავაზებისას ნუ გამოიყენებთ სტრატეგიას „მენდეთ, რადგან მე უკეთ ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის“; იზრუნეთ იმაზე, რომ ეს დავალებები და საკითხები მოსწავლეებისთვის შესაფერისი, აზრიანი და საინტერესო იყოს, რათა მართლა აუმაღლდეთ მოტივაცია და აგყვნენ ინიციატივაში, არ გიმტყუნონ, არ დაგაღალატონ გაკვეთილის მსვლელობისას.

среда, 27 января 2016 г.

воскресенье, 17 января 2016 г.

კიდევ ერთი საჭირო და საინტერესო რესურსი.

პრაქტიკული პედაგოგიკა - ანგარიშები მასწავლებლის პორტფოლიოსთვის
თარიღი: 30 იანვარი 2015
ავტორი: მანანა ბოჭორიშვილი
დღეს ძალიან აქტუალურია მასწავლებლის პორტფოლიოს თემა. ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, საგანმანათლებლო ცენტრებმა, გამომცემლობებმა და სხვადასხვა ინსტიტუციებმა საკუთარი ქვეყნის მასწავლებელთა დასახმარებლად შექმნეს სხვადასხვა ტიპის გზამკვლევები, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობენ მასწავლებლებს, რათა ეფექტურად აწარმოონ საკუთარი პორტფოლიოები.

რამ გამოიწვია ამ საკითხის აქტუალობა?
როგორც ცნობილია პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასების და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების, ეგრეთ წოდებული, "არტეფაქტების” ერთობლიობა. ექსპერტები აღნიშნავენ – იმისათვის, რომ მასწავლებლის პორტფოლიოში შემავალი "არტეფაქტები” დოკუმენტურად დადასტურებულ თავალსაჩინოებად იყოს აღქმული, აუცილებელია მათ ახლდეს წერილობითი კომენტარები.
მასწავლებლის მიერ პორტფოლიოში გაკეთებული წერილობითი კომენტარები ოთხი ტიპისაა:
1.მიზნის ამსახველი წერილობითი კომენტარები - ეხება საგანმანათლებლო მიზნების დასახვის აუცილებლობას და საჭიროებას.
2.ანალიტიკური, ანუ შედეგების განსჯის ამსახველი კომენტარები - გვაწვდის არტეფაქტის კონტექსტს.
3.სათაურები, როგორც წერილობითი კომენტარები - შეიცავს იდენტიფიკაციებს, რაც წარმოადგენს ლოგიკურ ახსნას, თუ რატომ არის შეტანილი ესა თუ ის არტეფაქტი პორტფოლიოში.
4. ავთენტური შემოწმებისა და შეფასების კომენტარი - ეს არის ფორმატული და სუმატური შემოწმების ანგარიში, რომელიც ასახავს სტანდარტებზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელების ანგარიშებს.
ექსპერტები აღიარებენ, რომ აქტუალურია წერილობითი კომენტარის ღირებულება, როდესაც იგი ზუსტად ასახავს არტეფაქტის მნიშვნელობას.
აღიარებულია, რომ პორტფოლიოში მასწავლებლის მიერ გაკეთებულ კომენტარებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა აქტივობების განხორციელების/შესრულების ანგარიშებს. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ ანგარიშის მარტივი სქემების ვარიანტებს, რომელთა გამოყენება დაეხმარება მასწავლებელს პირადი პორტფოლიოს წარმოებაში.
სტატიაში განვიხილავთ ანგარიშის სქემებს, რომლებიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:
1.მასწავლებლის კონფერენციაში მონაწილეობის ანგარიში;
2.მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტის ანგარიში;
3.მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში;
4.მასწავლებლის ტრენინგში მონაწილეობის ანგარიში.


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია თემატური კონფერენციები, რომელშიც მონაწილეობს მასწავლებელი მომხსენებლის ან მსმენელის რანგში. მის პირად პორტფოლიოში განთავსებული დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად სერტიფიკატი, კონფერენციის დღის წესრიგი, ფოტომასალა დაშ. მნიშვნელოვანი არტეფაქტია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას კონფერენციის ანგარიშის სახით ემატება მასწავლებლის კომენტარი. კონფერენციის ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:

კონფერენციის ანგარიში

კონფერენციის დასახელება ----------------------------------------------------------------კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია -----------------------------------------
კონფერენციის ჩატარების თარიღი ------------------------------------------------------
კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი ------------------------------------------------
კონფერენციის მიზანი -------------------------------------------------------------------------კონფერენციის ძირითადი საკითხები ------------------------------------------------------
რა მომცა ამ კონფერენციამ? ------------------------------------------------------------------
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? ---------------------------------------------------------------
დანართები:
1.დღის წესრიგი
2.სერტიფიკატი/ცნობა

მასწავლებლის ხელმოწერა: -------------------------

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი პოპულარული ფორმა თემატური ტრენინგებია. სემინარის გავლის შემდეგ მასწავლებლის მიერ მის პირად პორტფოლიოში განთავსებული დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, სერტიფიკატი, ტრენინგის დღის წესრიგი, ფოტომასალა და ა.შ. მნიშვნელოვანი არტეფაქტია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს. თუმცა უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას ემატება მასწავლებლის კომენტარი - ტრენინგის ანგარიშის სახით. ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:

ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის დასახელება ----------------------------------------------------------------
ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია -----------------------------------------
ტრენინგის ჩატარების თარიღი ------------------------------------------------------
ტრენინგის მონაწილე მასწავლებელი ------------------------------------------------
ტრენინგის მიზანი -------------------------------------------------------------------------
ტრენინგის ძირითადი საკითხები ------------------------------------------------------
რა ვისწავლე ამ ტრენინგზე? --------------------------------------------------------------
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში ?--------------------------------------------------------------

დანართები:
1.დღის წესრიგი
2.სერტიფიკატი/ცნობა

მასწავლებლის ხელმოწერა: -------------------------


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის მონაწილეობა სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებში. შესაძლოა მასწავლებელი თვითონ იყოს პროექტის ავტორი. პროექტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მის პირად პორტფოლიოში განათავსებს პროექტის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მაგალითად პროექტის მასალა, პროექტის სამუშაო გეგმა, ფოტო-ვიდეო მასალები, სერტიფიკატი, დაშ. რაც მნიშვნელოვანი არტეფაქტებია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას ემატება მასწავლებლის კომენტარი - პროექტის ანგარიშის სახით. ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:


განხორციელებული პროექტის ანგარიში



პროექტის სახელწოდება ---------------------------------------------------------
კლასი ------------------------------------------------------------------------------
პროექტის განხორციელების ვადები -------------------------------------------
პროექტში მონაწილე მასწავლებელი ------------------------------------------
პროექტის მიზანი ------------------------------------------------------------------
რა ამოცანები გადაიჭრა ------------------------------------------------------------
რა რესურსები იქნა გამოყენებული და/ან შექმნილი --------------------------
პროექტის შედეგები
თვისობრივი ------------------------------------------------------------------------
რაოდენობრივი ---------------------------------------------------------------------
დასკვნა /პროექტის მნიშვნელობა -----------------------------------------------

დანართები:
1.პროექტი
2.პროექტის მიმდინარეობის ვიდეომასალა
3.პროექტის ფოტომასალა
ხელმოწერა: -------------------------





მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მან კოლეგებთან ერთად იმუშაოს ინტეგრირებულ გაკვეთილებზე, როგორც თავის კათედრაზე ასევე სხვა კათედრის მასწავლებლებთან ერთად. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვის შემდეგ იწყება უმნიშვნელოვანესი პროცესი - მისი დანერგვის. მასწავლებელი დამოუკიდებლად ან თავის კოლეგასთან ერთად ატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილს. რომლის შემდეგაც ის აანალიზებს ჩატარებულ გაკვეთილს და წერს ანგარიშს. შემდეგ მასწავლებელი მის პირად პორტფოლიოში განათავსებს ამ პროცესის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მაგალითად გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, ფოტო-ვიდეო მასალები დაშ. რაც მნიშვნელოვანი არტეფაქტებია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას ემატება მასწავლებლის კომენტარი - ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიშის სახით. ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:

ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში


საგნების დასახელება --------------------------------------------------
კლასი -------------------------------------------------------------------
გაკვეთილის ჩატარების დრო -----------------------------------------
მონაწილე მასწავლებლები -------------------------------------------
გაკვეთილის მიზანი -----------------------------------------------------
რა თემების იტეგრირება მოხდა? --------------------------------------
რა რესურსები იქნა გამოყენებული და/ან შექმნილი ----------------
რა მეთოდები იქნა გამოყენებული -------------------------------------
მიღწეული შედეგები -----------------------------------------------
თვითშეფასება ------------------------------------------------------------
დამსწრე კოლეგის შეფასების ანალიზი -------------------------------
საბოლოო დასკვნა ----------------------------------------

დანართები:
1.გაკვეთილის მიმდინარეობის ვიდეომასალა
2.გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა
3.გაკვეთილზე დამსწრე კოლეგის შეფასების სქემა


ხელმოწერა: -------------------------



როგორც ვხედავთ მასწავლებლის პორტფოლიოში ანგარიშის სახით გაკეთებული წერილობითი კომენტარი არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება თითოეული არტეფაქტის ასახსნელად, რაც დინამიურს ხდის მასწავლებლის პორტფოლიოს.


გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofo_lobJaniZe_1.pdf
2.Campbell, V. M., Cignetti, P. B., Melenyzer, B. J., Nettles, D. H., & Wyman, R. M., Jr. (2004). How to develop a professional portfolio: A manual for teachers (3rde.). Boston: Allyn & Bacon.
3.Rieman, P. (2000). Teaching portfolios: Presenting your professional best. Boston: McGraw – Hill.

пятница, 15 января 2016 г.

მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი--რეფლექსია

მართალია ეს წერილი არც ისე ახალია, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და მაღიარებია. სიმართლე გითხრათ, ქალბატონი მაიას მიერ მოწოდებულმა თვითშეფასების ცხრილმა უფრო ღრმად ჩამახედა ჩემს პრაქტიკაში , ვიდრე, არც ისე დიდი ხნის წინ, შევსებულმა "თვითშეფასების კითხვარმა", რადგან მხოლოდ იქ მოცემული პასუხები უნდა დამეფიქსირებინა და არ მქონდა შესაძლებლობა რამე ამეხსნა, სწორედ ამიტომ ჩემი პასუხების უმეტესობა არის 1 და 2 პასუხი ანუ, ძირითადად, რაღაცებს ვიყენებ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვხედავ და ამის მხოლოდ ერთი ახსნა მქონდა- მე და ჩემი მოსწავლეები სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ(პირდაპირი მნიშვნელობით). აქ კი ანალიზის ცოტა უფრო მეტი საშუალება მომეცა.
მაშ ასე - დავიწყოთ
1. დიახ კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიული მომზადებით, რადგან ინსტიტუტიდან დაწყებული მიღებული მაქვს საფუძვლიანი პედაგოგიური განათლება და მთელი 25 წლის განმავლობაში სულ ვსწავლობ და ვცდილობ არ ჩამოვრჩე პედაგოგიკის, განათლების სისტემის სიახლეებს.
2.პროფესიულ განვითარებას ვისურვებდი და ვცდილობ მეთოდური მხრით,რადგან ვთვლი რომ საგნობრივი ცოდნა და განსაკუთრებით,ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური უნარ-ჩვევები საკმაოდ კარგი მაქვს.თუმცა,საგნობრივზეც დავფიქრდებოდი,რადგან არაქართულენოვან ბავშვებთან მუშაობისას შეიძლება ისეთი პრობლემები წარმოიშვას ქართულის სწავლებისას,როგორიც არასდროს წარმოიშვება ქართულ კლასებში.ანუ, ის რაც ბავშვისთვის მშობლიურ ენაში არ იწვევს შეკითხვებს და მისთვის უბრალოდ ბუნებრივია, უცხო ენაში შეიძლება მეტად საინტერესო და პრობლემურიც იყოს. ამიტომ, ასეთი შეკითხვები, როგორც მინიმუმ, მაბნევს, შემდეგ კი ვცდილობ ზედმეტი გრამატიკულ-მეცნიერული წიაღსვლების გარეშე ავუხსნა ესა თუ ის ენობრივი მოვლენა ჩემს სომეხ მოსწავლეებს, მაგრამ მინდა მაშინვე მქონდეს პასუხი.
3. ცოდნის გაღრმავება მინდა შემდეგი მიმართულებებით 1.ეფექტიანი მეთოდები და ხერხები,2.კლასის მართვა ( განსაკუთრებით იმ კლასისა,რომელიც არ, ვერ ლაპარაკობს შენს ენაზე) 3.მოსწავლეთა და საკუთარი საქმიანობის შედეგების შეფასება და ანალიზი, 4.მასწავლებლის საქმიანობის ორგანიზება.- პირველი მნიშვნელოვანია იმდენად,რამდენადაც სულ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები შემოდის და მინდა ვფლობდე მათ,რათა უკეთ მივაღწიო ჩემს მიზანს, ჩემს კლასში; მეორე-კლასის მართვა ნამდვილად არ მიჭირდა არასდროს და როცა ახლა ეს მიქმნის პრობლემებს, ძალიან დიდი დისკომფორტი მექმნება.პრობლემის მიზეზს შემდეგში ვხედავ-მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ ესმით ჩემი კარგად, მე კი მათი. მათ არ ესმით ჩემი იმიტომ , რომ კარგად ვერ ვასწავლე ქართული, კარგად ვერ ვასწავლე იმიტომ რომ ვერ ვმართე კლასი ისე , როგორც მე მჩვევია.ჩაკეტილი წრე? როგორ გავარღვიო იგი? ჯერ არ ვიცი; მესამე- შეფასება და ანალიზი, როგორც წესი არ მიჭირს, მაგრამ ამ გარემოში, ამ რეალობაში ყველაფერი რთულდება , ანალიზი ცოტა უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს,რაც, სიმართლე გითხრათ, მიჭირს,მიძნელდება; მეოთხე- ორგანიზებულობა არის ჩემი აქილევსის ქუსლი.უკვე 25 წლის პედაგოგიური გამოცდილება მაქვს , ბევრი წარმატებისთვის მიმიღწევია, როგორც მე პირადად, ასევე ჩემს მოსწავლეებსაც, მაგრამ ჩემი საქმიანობის ორგანიზებას ვერ მივეჩვიე.. და იქნებ , ამ სქემამ დამეხმაროს.
4.რა წარმოადგენს ჩემთვის სირთულეს? ამ საკითხზე ფიქრისას მივედი დასკვნამდე, რომ ყველაფერი რაც აქ წერია ვიცი და ვაკეთებ, მაგრამ იმდენად არასისტემურად, რომ დავფიქრდი,იქნებ, იმიტომაც არ მიყვარს გეგმის წერა , რომ ჩემთვის სირთულეს წარმოადგენს საგაკვეთილო მიზნების ფორმულირება და მიზნის მისაღწევი საქმიანობის მეთოდების შერჩევა და წინასწარ ამ ყოველივეს გაწერა. და ეს ყველაფერი ინტუიციურად გვარდება გაკვეთილზე- მიზანიც, შესაფერისი მეთოდებიც და მიღებული შედეგიც; სირთულეა, და მგონი არც გამიკეთებია, მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის ორგანიზება გაკვეთილზე. გაკვეთილზე არა, მაგრამ როცა ვაკეთებთ საკონფერენციო მოხსენებებს,ან პრეზენტაციებს არა ერთხელ გამიკეთებია ამის ორგანიზება , მაგრამ გაკვეთილზე? ერთი გაკვეთილის ფარგლებში?; რაც შეეხება მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასებას - ეს საკითხი ჩემში იმდენად გაურკვეველ ემოციებს იწვევს , რომ ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს არ მივმართავ ამ ხერხს. შეიძლება არ ვიქცევი სწორად, მაგრამ შეფასების მომენტი ჩემთვის, მასწავლებლისთვის არის მტკივნეული და მიჭირს მოსწავლისთვის იგივე დისკომფორტის შექმნა თავისი ან მეგობრის პასუხის შესაფასებლად , მაშინ როცა ნიშანზე და შეფასებაზე პასუხისმგებელი მაინც მე ვარ; სხვა ყველაფერს ამ ჩამონათვალიდან სიამოვნებითაც ვაკეთებ და ვთვლი რომ კარგადაც გამომდის;
5.  4,3,6,1-ინდივიდუალური კონსულტაციები ყველაზე შედეგიან აქტივობად მიმაჩნია პროფესიული განვითარებისათვის, რადგან კონსულტაციას, ბუნებრივია, გადიხარ მასთან ვინც ის საკითხი, რომელიც შენ გაინტერესებს შენზე უკეთ იცის და შენზე უკეთ გამოსდის;ტრენინგებზეც იგივე პრინციპია თითქმის, იმ განსხვავებით რომ სხვადასხვა აზრიდან , ხედვიდან, დამოკიდებულებიდან ამოირჩევ შენთვის ყველაზე მისაღებს; თუ სკოლაში გყავს კოლეგა , რომლისგანაც შეიძლება ისწავლო დიდი ბედნიერებაა და ეს შანსი არ უნდა გაუშვა ხელიდან და, რა თქმა უნდა, თვითგანათლება,ამის გარეშე წინსვლა და წარმატების მიღწევა შეუძლებელია. და კიდევ ერთი ვიცი, ვხვდები, რომ მჭირდება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა! სწორედ ამ საკითხს ვსწავლობ ახლა და ,იმედია, შევძლებ გავერკვე რაღაცებში, რაც ჩემს პრაქტიკას შეეხება.
6. 5,11,3 ამ სამ მიმართულებას მივანიჭებდი უპირატესობას მე-5 და მე-3 მუდმივად იცვლება და მდიდრდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ 3 წელიწადში ერთხელ უნდა გავეცნო და გავერკვე სიახლეებში საფუძვლიანად, ხოლო რაც შეეხება მე-11ს სასწავლო პროცესის დიაგნოსტირება, მისი ტექნოლოგია და მეთოდები აუცილებლად უნდა ვიცოდე, რადგან მჭირდება უფრო მეტი ორგანიზებულობის შეტანა ჩემს პრაქტიკაში.
 ამით დავასრულე ამ სტატიის რეფლექსია, ძალიან მინდა ჩემმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა თუ უცნობებმა თავიანთი გამოცდილება გამიზიარონ და რჩევები მომცენ , იქნებ ჩემს შეკითხვებსაც გაეცეს პასუხი.
გადავხედე-ამდენი რამე თუ არ იცი სკოლაში რა გინდა?

ვიწყებ ლიტერატურის დამუშავებას

მადლობა ჟურნალ"მასწავლებელს" რომელშიც ცოტა რაღაც ვიპოვე პედაგოგიურ კვლევასთან დაკავშირებით. ამ შაბათ -კვირისთვის მეყოფა, ალბათ, რომ დავამუშაო და ჩემს რეფლექსიებს, მოსაზრებებს კომენტარის სახით დავუწერ თითოეულ სტატიას, რომ შემდეგ საძებარი არ მქონდეს რეფლექსიები.. პრინციპში უკვე დავიწყე სამოქმედო გეგმის შესრულება, თუმცა გეგმა ჯერ დასრულებული  არ მაქვს.

მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი

საგანმანათლებლო რესურსები
 
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი
თარიღი: 25 ოქტომბერი 2013
ავტორი: მაია ინასარიძე
მასწავლებლების პროფესიული განვითარება განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანად გაცხადდა. უკვე მკაფიოდ ისმის, რომ პედაგოგის ანაზღაურება უშუალოდ დაუკავშირდება მის პროფესიონალიზმს. ანაზღაურების ინდივიდუალიზაცია მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და, აქედან გამომდინარე, სწავლებისა და სწავლის ხარისხს.
პროფესიული განვითარება - ეს არის უწყვეტი ციკლი, რომელიც საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და საჭიროებების დადგენის გარეშე ვერ შედგება. მაგრამ როგორ დავადგინოთ ჩვენი საჭიროებები? ამისათვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, თუნდაც მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი, ხარისხის მართვის ჯგუფისა თუ კოლეგების მიერ მასწავლებლის საქმიანობის ანალიზი და სხვა. მაგრამ მასწავლებელს ყველა გარედან შემოთავაზებული რეკომენდაციის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლია, თუ თავად არ დარწმუნდება იმაში, რა სჭირდება მას სწავლების უკეთ წარმართვისათვის. სწორედ ამისათვის, როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში გპირდებოდით (იხ. Maswavlebeli.ge - 01 ოქტომბერი 2013), გაგაცნობთ მასწავლებლის საჭიროებების დადგენის ცხრილს.

#
დიახ
ნაწილობრივ
არა
1.
კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი პროფესიული მომზადებით?
2.
რომელი მიმართულებით ისურვებდით პროფესიულ განვითარებას?
  • სამეცნიერო-თეორიული (საგნობრივი)
  • მეთოდური
  • ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური
3.
მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად გაიღრმავოთ თქვენი პროფესიული ცოდნა შემდეგ საკითხებზე:
· გრძელვადიანი (თემატური) დაგეგმვა.
· სხვადასხვა ტიპის გაკვეთილების დაგეგმვა.
· თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების დანერგვა.
· სწავლების ეფექტიანი მეთოდები და ხერხები.
· კლასის მართვა.
· სწავლების დიფერენცირება / ინდივიდუალიზაცია.
· მოსწავლეთა და საკუთარი საქმიანობის შედეგების შეფასება და ანალიზი.
· მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება (კლასში და კლასს გარეთ).
· მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების კონტროლი და კორექცია.
· მასწავლებლის საქმიანობის ორგანიზება.
· სხვა (ჩაწერეთ).
4.
წარმოადგენს თუ არა თქვენთვის სირთულეს:
· საგაკვეთილო მიზნების ფორმულირება.
· მოსწავლეთა საქმიანობების ორგანიზება მიზნების მისაღწევად.
· მიზნის მისაღწევი საქმიანობების, მეთოდების შერჩევა.
· პრობლემური საკითხების ფორმულირება / განსაზღვრა.
· მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის ორგანიზება გაკვეთილზე.
· მოსწავლეთათვის სხვადასხვა სირთულის დავალებების მომზადება.
· მოსწავლთა მოტივაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.
· მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
· მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ორგანიზება.
· მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების კონტროლი და კორექცია.
· მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.
· მოსწავლეთა წახალისების სხვადასხვა ფორმის შერჩევა და გამოყენება.
· ინტეგრირებული თემების განსაზღვრა.
· გაკვეთილისათვის სასწავლო რესურსების, მასალების შერჩევა.
· სასწავლო პროექტებზე მუშაობა.
· სხვა (ჩაწერეთ).
5.
პროფესიული განვითარების რომელ ფორმას მიანიჭებდით უპირატესობას (დაალაგეთ ნომრები პრიორიტეტების მიხედვით და ჩაწერეთ მეორე სვეტში)?
1. თვითგანათლება.
2. თეორიული სემინარები / ლექციები.
3. ტრენინგები.
4. ინდივიდუალური კონსულტაციები.
5. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
6. გაკვეთილზე კოლეგის / კოლეგების დასწრება და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
7. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფში მუშაობა.
8. კათედრები.
6.
თქვენ რომ მოგეცეთ პროფესიული განვითარების პროგრამის არჩევის შესაძლებლობა, რომელში მიიღებდით მონაწილეობას, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას (დაალაგეთ ნომრები პრიორიტეტების მიხედვით)?
  1. მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები / განვითარებისა და სწავლის თეორიები.
  2. მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმები და მეთოდები.
  3. გაკვეთილის ტიპები. მათი დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდიკა.
  4. მოსწავლეთა კლასგარეშე სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება.
  5. სწავლების მეთოდები და მათი ეფექტიანი გამოყენება.
  6. ინკლუზიური განათლება.
  7. სწავლების ინდივიდუალიზაცია.
  8. მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი აქტივაციის ხერხები.
  9. მოსწავლეთა შეფასება.
  10. მასწავლებლის პროფესიული ეთიკა.
  11. სასწავლო პროცესის დიაგნოსტირება.
12. სხვა (ჩაწერეთ).

ამ ცხრილზე პედაგოგი ინდივიდუალურად მუშაობს, უღრმავდება საკუთარ საქმიანობას, აჯერებს სხვადასხვა მონაცემს (მაგალითად, მოსწავლეთა მიღწევებს, კოლეგების რეკომენდაციებს ურთიერთდასწრების შემდეგ და ა.შ.). საბოლოოდ, შევსებული ცხრილის გადახედვა მას აძლევს სურათს, სად, რომელ სფეროში სჭირდება მას გაძლიერება. სწორედ ამის შემდეგ შეუძლია მასწავლებელს დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარების პროცესი.