понедельник, 4 апреля 2016 г.

ინსტრუქციები გაკვეთილების დაგეგმვისა და ვიდეოგადაღებისთვის

ინსტრუქციები გაკვეთილების დაგეგმვისა და ვიდეოგადაღებისთვის

 a-  A+ 
ძვირფასო მასწავლებლებო, მსურს, გაგიზიაროთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებები იმ გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ, რომლებზეც შიდა შეფასებისთვის კომისია უნდა დაგესწროთ ან გარე შეფასებისთვის უნდა გადაიღოთ ვიდეოზე.
  1. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ აქტივობის/გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის დასაწყისში ხმამაღლა გააცანით მაყურებლებს ან გააკარით დაფაზე/კედელზე და წააკითხეთ კამერას/ოპერატორს და მისი თვალით – მაყურებელსაც.
  2. მისდიეთ დასახულ მიზანს, რათა გაკვეთილი შეკრული და ფოკუსირებული გამოვიდეს. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 45 წუთი გაქვთ და ნუ გაიფანტებით, ნუ გადასწვდებით მეტისმეტად ბევრ საკითხსა თუ აქტივობას.
  3. წინასწარ გაიაზრეთ: რამდენ ხანს გაგრძელდება მოსწავლეთა პრეზენტაცია და დისკუსია/განხილვა; როგორ უზრუნველყოფთ მასში ყველა მოსწავლის ჩართვას; ვიდრე ერთი ჯგუფი მოხსენებას წაიკითხავს, რას გააკეთებენ სხვები; გაიგებენ თუ არა დაბალი მზაობის მოსწავლეები მაღალი მზაობის მოსწავლეთა მოხსენებას; დააინტერესებთ თუ არა მაღალი მზაობის მოსწავლეებს დაბალი მზაობის მოსწავლეთა მოხსენება; როგორ აიყოლიებთ მოსწავლეებს, რომ ერთმანეთს მოუსმინონ და მონაწილეობა მიიღონ სხვისი პრეზენტაციის განხილვაში; შეაფასებენ თუ არა მოსწავლეები ერთმანეთს; დასვამენ დამატებით კითხვებს თუ „ჩაარიხინებენ“ პრეზენტაციას და „კრება დარჩება მხიარული“. გაითვალისწინეთ მოსალოდნელი პრობლემები და წინასწარ შეიმუშავეთ მათი გადაჭრის გზები, მერე კი გაკვეთილზე განახორციელეთ. მაგალითად, ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაციის დროს ჯერ ყველა ჯგუფის ნამუშევარი გამოაკარით, მერე კი სთხოვეთ მოსწავლეებს რომელიმე მათგანის ისე წარმოჩენა, რომ სხვებმაც უსმინონ, კითხვები დაუსვან და შეაფასონ კიდეც (თუ ცოტა მოზრდილები არიან). ამისთვის შეფასების კრიტერიუმები თავიდანვე უნდა გამოაკრათ საკლასო ოთახში და განმარტოთ.
  4. მზად იყავით, რომ სწორი რეაგირება მოახდინოთ მოსწავლის თუნდაც მოულოდნელ მოქმედებაზე (მაგალითად, არ წაახდინოთ ეფექტური საგაკვეთილო ეპიზოდი შეუფერებელი მიმართვით/სიტყვით). ჯობია, ყველაფერი ზედმიწევნით გათვალოთ წინასწარ. მაგალითად, ჩამოწეროთ მოსწავლეთა ტიპური შეცდომები საშინაო ან საკლასო სამუშაოში ან თქვენს დამატებით კითხვებზე, მოამზადოთ „ხარაჩოები“ ამ შეცდომების გამოსასწორებლად და უკუკავშირის ვერსიაც მიაყოლოთ, რომ გაკვეთილზე გამოგადგეთ. მოიფიქრეთ, თვალსაჩინოებას გამოიყენებთ სკაფოლდინგისთვის თუ მიმგეზავი კითხვები სჯობია, უკუკავშირი წერილობითი იქნება თუ ზეპირსიტყვიერი.
  5. თუ გაკვეთილზე რამე ახალს ან უჩვეულოს აპირებთ, ხმამაღლა გამოაცხადეთ, რომ ბავშვებმაც გაიგონონ და ვიდეოს მაყურებლებმაც. ყველაფერი უნდა წარმოჩნდეს ან გაისმას ხმამაღლა, „ამირან გულში მღეროდა“ დაუშვებელია. ამის მისაღწევად გადაღების დროს ჩათვალეთ, რომ თქვენთვის კი არ მუშაობთ, არამედ მაყურებელი მასწავლებლებისთვის, რათა მათ ისწავლონ თქვენი სანიმუშო მოქმედების საშუალებით.
  6. დიფერენცირება მზაობის მიხედვით უკვე დაჯგუფებულ მოსწავლეებთან მუშაობას ნიშნავს. ვინ ვისთან უნდა დაჯგუფდეს, ამას განმავითარებელი შეფასების საფუძველზე გაარკვევთ, ამიტომ ინტენსიურად გამოიყენეთ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ფორმა -მოკლე ქვიზი, ოთხი კუთხე, 3-2-1, „დაამყარე კავშირი“ და სხვა.
  7. გაკვეთილის განმავლობაში აუცილებლად მიეცით უკუკავშირი თუნდაც რამდენიმე მოსწავლეს ვერბალური, წერილობითი ან გრაფიკული სახით. მოიფიქრეთ შესაფერისი ფორმები და წინასწარ გათვალეთ სიტუაციები.
  8. რაგინდ შესანიშნავი კითხვები/სავარჯიშოები მისცეთ მოსწავლეებს, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გამიჯნული ადრესატის მზაობის დონის შესაბამისად. დაფიქრდით და მოისაზრეთ, როგორ მიხვდეს მაყურებელი, ვის რა მზაობა აქვს და სწორად არჩევს თუ არა მასწავლებელი მოსწავლის შესაფერის კითხვას/ამოცანას გაკვეთილის მიმდინარეობის დროს. მაყურებელს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შემთხვევით კითხვებს სვამთ, თორემ დიფერენცირების ეფექტი დაიკარგება და ტრადიციულ ფრონტალურ გამოკითხვას ან ჯგუფურ მუშაობას დაემსგავსება ეკრანზე.
  9. დიფერენცირება უფრო მკვეთრად წარმოაჩინეთ, რათა მაყურებელი მიხვდეს, რა ხდება, რით გამოიხატება დიფერენცირება, რის საფუძველზე და რა მიზნით. ხმამაღლა გამოაცხადეთ (და ჯგუფისთვის განკუთვნილი დავალების ბარათიც ყველას აჩვენეთ), რომ ყველა ჯგუფს ერთსა და იმავე საკითხზე აძლევთ დავალებებს, თუმცა ეს დავალებები განსხვავებულია.
  10. დიფერენცირებული დავალებების მიცემისას ხმამაღლა ახსენით, რა განასხვავებს ერთმანეთისგან დავალებებს (მაგალითად, მანიპულატივების გამოყენება, დროში შეზღუდვა, დაწვრილებითი ინსტრუქციები, დამოუკიდებლობის ხარისხი დავალების შესრულებისას, შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებით არჩევანის მიცემა მოსწავლეებისთვის და ა.შ.).
  11. ეცადეთ, გაკვეთილი ცალკეულ საინტერესო აქტივობათა კრებულიდან ერთიან კონსტრუქტივისტულ დიფერენცირებულ პროცესად აქციოთ.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ:
◦ განმავითარებელი შეფასება გაკვეთილის განმავლობაში 3-ჯერ მაინც უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ხერხით.
◦ მხოლოდ ისტ-ის იმედად ნუ იქნებით, რადგან ვიდეოკამერაზე სლაიდები არცთუ კარგად ჩანს.
◦ თუ მოსწავლეები გაწაფული არიან ჯგუფური მუშაობის ორგანიზებაში, შეიძლება, გაკვეთილის დასაწყისში კლასი სტანდარტული განლაგებით ისხდეს და მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას გადააჯგუფოთ. გამოჩნდეს, რომ ისინი განსხვავებული მზაობის პრინციპით სხდებიან ჯგუფებად.
◦ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სსსმ მოსწავლეს (თუ გყავთ კლასში ასეთი ბავშვი) და წარმოაჩინეთ, როგორ წარმართავთ მასთან დიფერენცირებულ სწავლებას.
◦ ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, რათა დრო უშუალოდ მოსწავლეთა მეცადინეობაზე დაიხარჯოს. ასე რომ, ოპტიმალურად დაგეგმეთ აქტივობები, რათა 45 წუთს არ გადააცილოთ.
ნუ დაუშვებთ ყველაზე უარეს პედაგოგიურ შეცდომებს:
  • კითხვის დასმისთანავე ნუ მოითხოვთ პასუხს, აცალეთ მოსწავლეებს ფიქრი და აზრიანი პასუხის მომზადება. საკუთარ კითხვას პასუხს თავად ნუ გასცემთ. მოპასუხის სწრაფად მითითებაც არ არის ყველასთვის კომფორტული, ეს სტრესს იწვევს მოსწავლეებში და აღძრავს მიკერძოებული მიდგომის ეჭვს. უმჯობესია, მოსწავლეებმა წყვილ-წყვილად განიხილონ საკითხი და რამდენიმე წყვილის მოსაზრება მოისმინოთ. ისიც შეიძლება, კითხვის დასმის შემდეგ მცირე პაუზა გააკეთოთ და შემთხვევითი შერჩევის წესით აირჩიოთ მოპასუხე. ეს თქვენი მიუკერძოებლობის დასტურიც იქნება და ყველა მოსწავლესაც აიძულებს, თავიდანვე იფიქროს პასუხის შესახებ.
  • გაკვეთილს ნურც სლაიდშოუდ გადააქცევთ და ნურც ახსნა-განმარტებათა ნიაღვრად. ეფექტური სწავლება დაფასთან მუშაობასაც მოიცავს, თხრობასაც, დისკუსიასაც, სავარჯიშოების შესრულებასაც, ინდივიდუალურ დავალებებსაც და ჯგუფურ მუშაობასაც. სწორედ მათი კომბინაციის მართლზომიერი და მიზანშეწონილი შერჩევა-შედგენა წარმოაჩენს თქვენს ოსტატობას გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში.
  • ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს ბედის ანაბარა ნუ მიატოვებთ. უმჯობესია, თანამშრომლობითი მოდელი გამოიყენოთ, როდესაც ყოველ მოსწავლეს მისთვის ცნობილი ვალდებულება აკისრია, ანგარიშვალდებულია თქვენი და თანაკლასელების წინაშე. პერიოდულად ყველა ჯგუფს მიუახლოვდით, მიაყურადეთ და ჩაეკითხეთ, სამუშაოს შესრულების რომელ ეტაპზე არიან და რა შედეგი მიიღეს.
  • მოსწავლეებისთვის დავალებებისა და საკითხების შეთავაზებისას ნუ გამოიყენებთ სტრატეგიას „მენდეთ, რადგან მე უკეთ ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის“; იზრუნეთ იმაზე, რომ ეს დავალებები და საკითხები მოსწავლეებისთვის შესაფერისი, აზრიანი და საინტერესო იყოს, რათა მართლა აუმაღლდეთ მოტივაცია და აგყვნენ ინიციატივაში, არ გიმტყუნონ, არ დაგაღალატონ გაკვეთილის მსვლელობისას.

среда, 27 января 2016 г.

воскресенье, 17 января 2016 г.

კიდევ ერთი საჭირო და საინტერესო რესურსი.

პრაქტიკული პედაგოგიკა - ანგარიშები მასწავლებლის პორტფოლიოსთვის
თარიღი: 30 იანვარი 2015
ავტორი: მანანა ბოჭორიშვილი
დღეს ძალიან აქტუალურია მასწავლებლის პორტფოლიოს თემა. ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, საგანმანათლებლო ცენტრებმა, გამომცემლობებმა და სხვადასხვა ინსტიტუციებმა საკუთარი ქვეყნის მასწავლებელთა დასახმარებლად შექმნეს სხვადასხვა ტიპის გზამკვლევები, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობენ მასწავლებლებს, რათა ეფექტურად აწარმოონ საკუთარი პორტფოლიოები.

რამ გამოიწვია ამ საკითხის აქტუალობა?
როგორც ცნობილია პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასების და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების, ეგრეთ წოდებული, "არტეფაქტების” ერთობლიობა. ექსპერტები აღნიშნავენ – იმისათვის, რომ მასწავლებლის პორტფოლიოში შემავალი "არტეფაქტები” დოკუმენტურად დადასტურებულ თავალსაჩინოებად იყოს აღქმული, აუცილებელია მათ ახლდეს წერილობითი კომენტარები.
მასწავლებლის მიერ პორტფოლიოში გაკეთებული წერილობითი კომენტარები ოთხი ტიპისაა:
1.მიზნის ამსახველი წერილობითი კომენტარები - ეხება საგანმანათლებლო მიზნების დასახვის აუცილებლობას და საჭიროებას.
2.ანალიტიკური, ანუ შედეგების განსჯის ამსახველი კომენტარები - გვაწვდის არტეფაქტის კონტექსტს.
3.სათაურები, როგორც წერილობითი კომენტარები - შეიცავს იდენტიფიკაციებს, რაც წარმოადგენს ლოგიკურ ახსნას, თუ რატომ არის შეტანილი ესა თუ ის არტეფაქტი პორტფოლიოში.
4. ავთენტური შემოწმებისა და შეფასების კომენტარი - ეს არის ფორმატული და სუმატური შემოწმების ანგარიში, რომელიც ასახავს სტანდარტებზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელების ანგარიშებს.
ექსპერტები აღიარებენ, რომ აქტუალურია წერილობითი კომენტარის ღირებულება, როდესაც იგი ზუსტად ასახავს არტეფაქტის მნიშვნელობას.
აღიარებულია, რომ პორტფოლიოში მასწავლებლის მიერ გაკეთებულ კომენტარებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა აქტივობების განხორციელების/შესრულების ანგარიშებს. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ ანგარიშის მარტივი სქემების ვარიანტებს, რომელთა გამოყენება დაეხმარება მასწავლებელს პირადი პორტფოლიოს წარმოებაში.
სტატიაში განვიხილავთ ანგარიშის სქემებს, რომლებიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:
1.მასწავლებლის კონფერენციაში მონაწილეობის ანგარიში;
2.მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტის ანგარიში;
3.მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში;
4.მასწავლებლის ტრენინგში მონაწილეობის ანგარიში.


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია თემატური კონფერენციები, რომელშიც მონაწილეობს მასწავლებელი მომხსენებლის ან მსმენელის რანგში. მის პირად პორტფოლიოში განთავსებული დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად სერტიფიკატი, კონფერენციის დღის წესრიგი, ფოტომასალა დაშ. მნიშვნელოვანი არტეფაქტია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას კონფერენციის ანგარიშის სახით ემატება მასწავლებლის კომენტარი. კონფერენციის ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:

კონფერენციის ანგარიში

კონფერენციის დასახელება ----------------------------------------------------------------კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია -----------------------------------------
კონფერენციის ჩატარების თარიღი ------------------------------------------------------
კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი ------------------------------------------------
კონფერენციის მიზანი -------------------------------------------------------------------------კონფერენციის ძირითადი საკითხები ------------------------------------------------------
რა მომცა ამ კონფერენციამ? ------------------------------------------------------------------
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? ---------------------------------------------------------------
დანართები:
1.დღის წესრიგი
2.სერტიფიკატი/ცნობა

მასწავლებლის ხელმოწერა: -------------------------

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი პოპულარული ფორმა თემატური ტრენინგებია. სემინარის გავლის შემდეგ მასწავლებლის მიერ მის პირად პორტფოლიოში განთავსებული დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, სერტიფიკატი, ტრენინგის დღის წესრიგი, ფოტომასალა და ა.შ. მნიშვნელოვანი არტეფაქტია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს. თუმცა უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას ემატება მასწავლებლის კომენტარი - ტრენინგის ანგარიშის სახით. ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:

ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის დასახელება ----------------------------------------------------------------
ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია -----------------------------------------
ტრენინგის ჩატარების თარიღი ------------------------------------------------------
ტრენინგის მონაწილე მასწავლებელი ------------------------------------------------
ტრენინგის მიზანი -------------------------------------------------------------------------
ტრენინგის ძირითადი საკითხები ------------------------------------------------------
რა ვისწავლე ამ ტრენინგზე? --------------------------------------------------------------
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში ?--------------------------------------------------------------

დანართები:
1.დღის წესრიგი
2.სერტიფიკატი/ცნობა

მასწავლებლის ხელმოწერა: -------------------------


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის მონაწილეობა სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებში. შესაძლოა მასწავლებელი თვითონ იყოს პროექტის ავტორი. პროექტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მის პირად პორტფოლიოში განათავსებს პროექტის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მაგალითად პროექტის მასალა, პროექტის სამუშაო გეგმა, ფოტო-ვიდეო მასალები, სერტიფიკატი, დაშ. რაც მნიშვნელოვანი არტეფაქტებია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას ემატება მასწავლებლის კომენტარი - პროექტის ანგარიშის სახით. ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:


განხორციელებული პროექტის ანგარიში



პროექტის სახელწოდება ---------------------------------------------------------
კლასი ------------------------------------------------------------------------------
პროექტის განხორციელების ვადები -------------------------------------------
პროექტში მონაწილე მასწავლებელი ------------------------------------------
პროექტის მიზანი ------------------------------------------------------------------
რა ამოცანები გადაიჭრა ------------------------------------------------------------
რა რესურსები იქნა გამოყენებული და/ან შექმნილი --------------------------
პროექტის შედეგები
თვისობრივი ------------------------------------------------------------------------
რაოდენობრივი ---------------------------------------------------------------------
დასკვნა /პროექტის მნიშვნელობა -----------------------------------------------

დანართები:
1.პროექტი
2.პროექტის მიმდინარეობის ვიდეომასალა
3.პროექტის ფოტომასალა
ხელმოწერა: -------------------------





მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მან კოლეგებთან ერთად იმუშაოს ინტეგრირებულ გაკვეთილებზე, როგორც თავის კათედრაზე ასევე სხვა კათედრის მასწავლებლებთან ერთად. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვის შემდეგ იწყება უმნიშვნელოვანესი პროცესი - მისი დანერგვის. მასწავლებელი დამოუკიდებლად ან თავის კოლეგასთან ერთად ატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილს. რომლის შემდეგაც ის აანალიზებს ჩატარებულ გაკვეთილს და წერს ანგარიშს. შემდეგ მასწავლებელი მის პირად პორტფოლიოში განათავსებს ამ პროცესის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მაგალითად გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, ფოტო-ვიდეო მასალები დაშ. რაც მნიშვნელოვანი არტეფაქტებია და მას „დოკუმენტურად დადასტურებულ თვალსაჩინოებად" აქცევს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ამას ემატება მასწავლებლის კომენტარი - ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიშის სახით. ანგარიში სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაიწეროს, თუნდაც ასეთი სახით:

ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში


საგნების დასახელება --------------------------------------------------
კლასი -------------------------------------------------------------------
გაკვეთილის ჩატარების დრო -----------------------------------------
მონაწილე მასწავლებლები -------------------------------------------
გაკვეთილის მიზანი -----------------------------------------------------
რა თემების იტეგრირება მოხდა? --------------------------------------
რა რესურსები იქნა გამოყენებული და/ან შექმნილი ----------------
რა მეთოდები იქნა გამოყენებული -------------------------------------
მიღწეული შედეგები -----------------------------------------------
თვითშეფასება ------------------------------------------------------------
დამსწრე კოლეგის შეფასების ანალიზი -------------------------------
საბოლოო დასკვნა ----------------------------------------

დანართები:
1.გაკვეთილის მიმდინარეობის ვიდეომასალა
2.გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა
3.გაკვეთილზე დამსწრე კოლეგის შეფასების სქემა


ხელმოწერა: -------------------------



როგორც ვხედავთ მასწავლებლის პორტფოლიოში ანგარიშის სახით გაკეთებული წერილობითი კომენტარი არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება თითოეული არტეფაქტის ასახსნელად, რაც დინამიურს ხდის მასწავლებლის პორტფოლიოს.


გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofo_lobJaniZe_1.pdf
2.Campbell, V. M., Cignetti, P. B., Melenyzer, B. J., Nettles, D. H., & Wyman, R. M., Jr. (2004). How to develop a professional portfolio: A manual for teachers (3rde.). Boston: Allyn & Bacon.
3.Rieman, P. (2000). Teaching portfolios: Presenting your professional best. Boston: McGraw – Hill.